logo
ENG



"14 წლის გოგოს დედა იყო პირი, ვინც ბავშვი გამტაცებელთან დააბრუნა" - პროკურორი

11 ოქტ 202322:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/11/xm1ufpuvjph3ckd.png

საგარეჯოში 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმის პროკურორი ამბობს, რომ დედა იყო ადამიანი, ვინც ბავშვი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ე.წ. ქმართან დააბრუნა. დღეს პროკურატურამ სასამართლოზე დედისა და ბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

"დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა, ასე ვთქვათ, ასაკით უფროსი კაცი, შეძლებული, შესაბამისად. დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისა და მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ, როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ, მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა", - განაცხადა მან.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მას ბრალდება დღეს წარუდგინა.

სასამართლომ იმსჯელა მოკლულის ბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც და ისიც პატიმრობაში დატოვა. გოგოს ბიძა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივე ბრალდებულს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

პროკურატურა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ "არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება", ეს არ შეატყობინეს შესაბამის ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.


close დახურვა